ქართული ოცნების დეპუტატებმა მოამზადეს და დაარეგისტრირეს კანონპროექტი, რომელიც საარჩევნო კამპანიის დროს ნეგატიური შინაარსის პოლიტიკურ რეკლამას კრძალავს. არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, ინიციატივა სახიფათო და ავტორიტარიზმისკენ გადადგმული ნაბიჯია.
რა წერია კანონპროექტში
ცვლილებები საარჩევნო კოდექსსა და მაუწყებლობის შესახებ კანონში შედის.
საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების მიხედვით, იკრძალება საარჩევნო კამპანიის დროს არჩევნებში მონაწილე სუბიექტების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების შემქმნელი სააგიტაციო და სარეკლამო მასალების გავრცელება.
კანონპროექტში ვკითხულობთ, რომ "დაუშვებელია ისეთი სააგიტაციო მასალის გავრცელება საჯარო სივრცეში, რომელიც გამიზნულია საარჩევნო სუბიექტის/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების შესაქმნელად. ასეთი სააგიტაციო მასალის გამავრცელებელი და გავრცელების დამკვეთი ვალდებულია უზრუნველყოს მისი დაუყოვნებლივ ჩამოხსნა/დემონტაჟი/აღება".
სააგიტაციო მასალა არის პლაკატი, დროშა ან ნებისმიერი სხვა მასალა, რომელზეც გამოსახულია საარჩევნო სუბიექტი და მისი რიგითი ნომერი და შეიცავს ისეთ ინფორმაციას, რომლითაც "საარჩევნო სუბიექტის/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის არჩევნებთან დაკავშირება არაპროპორციულად დიდ ძალისხმევას, ხარჯსა და დროს არ საჭიროებს".
ცვლილებებით დგინდება, პოლიტიკური პარტიის/საარჩევნო სუბიექტის მიერ ან პოლიტიკური პარტიის/საარჩევნო სუბიექტის დაკვეთით საჯარო სივრცეში ზემოხსენებული საშუალებების გამოყენებით გავრცელებული სააგიტაციო მასალა არ უნდა შეიცავდეს სხვა პოლიტიკური პარტიის/საარჩევნო სუბიექტის გამოსახულებას, სახელწოდებას, რიგით ნომერსა და სიმბოლიკას.
კანონპროექტით იკრძალება "უარყოფითი დამოკიდებულების შემქმნელი" სააგიტაციო მასალების განთავსება როგორც სტენდებსა და ფასადებზე, ისე მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ფარგლებში მოძრავ სატრანსპორტო საშუალებაზე განთავსებით.
რაც შეეხება მაუწყებლობის შესახებ კანონს - დაგეგმილი ცვლილებით, იკრძალება ისეთი წინასაარჩევნო რეკლამის გავრცელება, რომელიც გამიზნულია საარჩევნო სუბიექტის/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების შესაქმნელად.
ამასთანავე, კანონპროექტით დგინდება, რომ პოლიტიკური პარტიის/საარჩევნო სუბიექტის მიერ ან პოლიტიკური პარტიის/საარჩევნო სუბიექტის დაკვეთით გავრცელებული წინასაარჩევნო რეკლამა არ უნდა შეიცავდეს სხვა პოლიტიკური პარტიის/საარჩევნო სუბიექტის გამოსახულებას, სახელწოდებას, რიგით ნომერსა და სიმბოლიკას.
განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ "საარჩევნო სუბიექტების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების შექმნა, ზოგადად, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა წინასაარჩევნო პერიოდთან დაკავშირებულ პროცესებში. ამ საკითხის სათანადოდ მოუწესრიგებლობა იწვევს, ერთი მხრივ, პოლიტიკურ პარტიებს შორის მწვავე და არაჯანსაღ დაპირისპირებას, ხოლო, მეორე მხრივ, საზოგადოების პოლარიზაციასა და მასში აგრესიის გაღვივებას. აღნიშნულ პრობლემასა და მისით გამოწვეულ დაძაბულ საარჩევნო გარემოზე მითითებულია აგრეთვე ცალკეული ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ საქართველოს მიმართ შემუშავებულ ანგარიშებსა და მათ მიერ განხორციელებულ შეფასებებში".
შესაბამისად, ავტორების მტკიცებით, კანონპროექტი ორ ძირითად მიზანს ემსახურება:
- კომერციულ ურთიერთობებში დამკვიდრებული კონკურენციის პრინციპის მსგავსად, საარჩევნო სუბიექტების მიერ წინასაარჩევნო კამპანიის (აგიტაციის) ჯანსაღი კონკურენციის პრინციპზე დაფუძნებით წარმოების შესაძლებლობის გაზრდას;
- დღესდღეობით საზოგადოებაში არსებული მწვავე პოლარიზაციის შემცირებას.
კანონპროექტის მიხედვით, წესების დარღვევის შემთხვევაში გათვალისწინებულია ჯარიმა:
სააგიტაციო მასალის გამავრცელებლისა და გავრცელების დამკვეთის დაჯარიმებას თითოეულის - 2000 ლარის ოდენობით, ხოლო ამავე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის სააგიტაციო მასალის განთავსების ობიექტის მესაკუთრის თანხმობით ჩადენის შემთხვევაში − აგრეთვე ამ მესაკუთრის დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით.
თუ პლაკატები არ ჩამოიხსნება, დაჯარიმებული "ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ყოველი 3 დღის გასვლისთანავე დაჯარიმდება 4000 ლარის ოდენობით თითო ერთეული სააგიტაციო მასალის გავრცელებისათვის, ვიდრე არ უზრუნველყოფს ამ სააგიტაციო მასალის ჩამოხსნას/დემონტაჟს/აღებას".
რა უძღოდა წინ ცვლილებების ინიცირებას
მანამ, სანამ ქართული ოცნება ამ ცვლილებების შესახებ კანონპროექტს მოამზადებდა, პარლამენტს კომპანია ალმამ მიმართა.
შპს ალმა საქართველოში ბანერებზე რეკლამების განთავსების უფლებას ფლობს. თავის მხრივ, კომპანია ალმას დირექტორი გიორგი ტრაპაიძეა, მფლობელი კი მალტაში რეგისტრირებული კომპანია. საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს ინფორმაციით, ამ კომპანიას რეალურად ლევან და სოსო ფხაკაძეები ფლობენ. სოსო ფხაკაძე ღიად გამოხატავს მხარდაჭერას მმართველი პარტიის მიმართ.
კომპანია პარლამენტისადმი მიმართვაში მიუთითებს, რომ კანონით უნდა აიკრძალოს სიძულვილისა და ბოროტების ენის შემცველი ბილბორდები.
წინასაარჩევნოდ სიძულვილის შემცველი ბანერები სწორედ ალმას ბილბორდებზე გამოჩნდა, რის გამოც კრიტიკის ობიექტი გახდა და ინიციატივის საბაბადაც სწორედ ეს დასახელდა.
თუმცა, რეკლამის შინაარსში ჩარევის დაკანონების რეალური მიზეზი შესაძლოა ხელისუფლების მხრიდან ოპონენტების შეზღუდვა იყოს.
17 სექტემბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე 2 კვირით ადრე, თბილისის და რამდენიმე დიდი ქალაქის ქუჩებში გამოჩნდა სიძულვილის ენის შემცველი ბანერები წარწერით "არა ნაცებს, არა ბოროტებას, არა ღალატს".
პლაკატები ვაქცინაციის წამახალისებელ ბანერებს გადააკრეს და მათზე მიხეილ სააკაშვილი, ნიკა მელია, გუბაზ სანიკიძე, გიგა ბოკერია, ასევე ორი მედია-მენეჯერი: ნოდარ მელაძე და ნიკა გვარამია იყვნენ გამოსახული. 2018 წლისგან განსხვავებით, როცა საქართველოს მოქალაქეებმა წინასაარჩევნოდ ოპოზიციის საწინააღმდეგო სისხლიანი ბანერები ქუჩებში იხილეს, 2021 წლის ბანერზე გამოჩნდა ყოფილი პრემირმინისტრი გიორგი გახარიაც.
ქართული ოცნების ლიდერებმა ბილბორდების შინაარსი მოიწონეს, თუმცა, უარყვეს, რომ ისინი მათი დაკვეთით განთავსდა.
დამკვეთად კერძო პირი - ბიზნესმენი მიხეილ გაბრიაძე დასახელდა.
18 სექტემბერს თბილისის მერმა და მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ თქვა, რომ სარეკლამო კონსტრუქციები, რომლებზეც 17 სექტემბრის ღამით ბანერები გამოაკრეს, კერძო კომპანიის საკუთრებაა და მერია რეაგირებას ვერ მოახდენდა.
თუმცა, თბილსერვისჯგუფმა განთავსებიდან 2 საათში გაასუფთავა ევროპული საქართველოს ბანერები, რომელზეც ბიძინა ივანიშვილი ჯორჯ ორუელის ცხოველების ფერმის პერსონაჟად არის გამოყვანილი.
არასამთავრობო ორგანიზაციების, ოპოზიციონერების და საზოგადოების კრიტიკის შემდეგ კომპანია ალმა "სიძულვილს გაემიჯნა".
"სრულიად ვემიჯნებით ნებისმიერი ფორმით გამოხატულ ქმედებას თუ ქმედებებს, რომელიც გამოიწვევს სიძულვილს, აგრესიას და ჩვენი ქვეყნის საზოგადოების შემდგომ პოლარიზაციას… ჩვენთვის ცალსახად მიუღებელია ხსენებული სარეკლამო ბანერების კონტენტი". - ეწერა მათ განცხადებაში.
“სისხლიანი ბანერები” ალმას ბილბორდებიდან 2 ოქტომბრის ღამეს ჩამოიხსნა, მას შემდეგ, რაც საარჩევნო დღე დასრულდა.
შინაარსში ჩარევა და საფრთხეები
განცხადებაში ალმა წერდა იმასაც, რომ კომპანიას შეხება არ აქვს სარეკლამო ბანერის შინაარსთან.
მიუხედავად ამისა, იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა კომპანიამ, შინაარსის გამო, ბანერების განთავსებაზე უარი თქვა:
- 2019 წელს, ჰომოფობასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის და 17 მაისთან დაკავშირებით, ლგბტქ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციას, თანასწორობის მოძრაობას უარი უთხრა ანტიჰომოფობიური რეკლამების განთავსებაზე.
- მოძრაობა სირცხვილიას რამდენჯერმე უარი ეთქვათ ანტისაოკუპაციო ბანერების განთავსებაზე.
- 2021 წლის ოქტომბერში კი ალმამ უარი უთხრა ევროპულ საქართველოს, განეთავსებინა სატირული ბილბორდები, რომელზეც ბიძინა ივანიშვილი ჯორჯ ორუელის ცხოველების ფერმიდან პერსონაჟს იყო შედარებული.
ალმას გარდა, პოლიტიკური რეკლამის შინაარსში ჩაერია ტელეკომპანია იმედიც, როცა ევროპულ საქართველოს უარი უთხრა უფასო საარჩევნო რეკლამის განთავსებაზე. ტელეარხმა მიზეზად სიძულვილის ენა დაასახელა. რეკლამაში ნათქვამი იყო, რომ საქართველოს თავისუფლება საფრთხეშია, ვინაიდან ქვეყანას არაკომპეტენტური, კორუმპირებული და მოღალატე ადამიანები მართავენ.
ევროპულმა საქართველომ კომუნიკაციების კომისიას მიმართა. კომისიამ იმედის მხრიდან საარჩევნო კოდექსის დარღვევა დაადგინა.
ქართული ოცნების წევრების ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებები ითვალისწინებს პოლიტიკური ბანერების შინარსში ჩარევას.
რა არის შინაარსი, რომელიც გამიზნულია ოპონენტის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების შესაქმნელად, კანონპროექტის მიხედვით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და კომუნიკაციების კომისიამ უნდა განსაზღვროს.
საქართველოს დემოკრატიული ინიცატივის ხელმძღვანელი, ედუარდ მარიკაშვილი ამბობს, რომ "ავტორიტარიზმი ამაზე ახლოს ჯერ არასდროს ყოფილა".
"უარყოფითი დამოკიდებულების შექმნა განუსაზღვრელად ფართო ინტერპრეტაციის რესურსის მქონე ტერმინია. გამოდის, რომ ოპონენტზე რეკლამასა და სააგიტაციო მასალაში ან კარგი უნდა თქვა ან არაფერი.
ასევე, სუბიექტმა მხოლოდ საკუთარ თავზე უნდა ისაუბროს სააგიტაციო მასალასა და პოლიტიკურ რეკლამაში, ოღონდ, ისეც არ უნდა წარმოაჩინოს თავი, რომ ოპონენტის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება გაუჩნდეს ამომრჩეველს. მაგალითად, დაპირება საწვავი - უფასო, შესაძლოა ოპონენტების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების შექმნად ჩაითვალოს, რადგან სხვები ამას არ გპირდებიან. ხოლო, დღეს, ქართული ოცნების პირობებში, საწვავი 3 ლარს აჭარბებს". - ამბობს მარიკაშვილი.
მისი თქმით, მმართველი პარტიის რეალური განზრახვა საკუთარი თავის დაცვა და ოპონენტების პოლიტიკური სიტყვის ფარგლების შეზღუდვაა.
"ვის სჯერა, რომ ქართული ოცნება, რეალურად მივიდა დასკვნამდე, არ გამოფინოს სისხლიანი ბანერები ან უარი თქვას ნეგატიურ კამპანიაზე.
თუმცა, ერთ დასკვნამდე კი რეალურად კარგად მივიდნენ. მიცვალებულებზე ან კარგს ამბობენ ან არაფერს. თუმცა, ამ ფრაზას გაგრძელებაც აქვს, მიცვალებულებზე ან კარგს ამბობენ ან არაფერს, სიმართლის გარდა. ამ შემთხვევაში, კი სწორედ ამ სიმართლის აკრძალვას ცდილობს მმართველი ძალა, რადგან სიმართლეა ის, რაც ქართული ოცნების მიმართ უარყოფით დამოკიდებულებას ქმნის". - წერს ედუარდ მარიკაშვილი.
ISFED-ის დირექტორის, ნინო დოლიძის თქმით, წარმოდგენილი კანონპროექტი ეწინააღმდეგება გამოხატვის თავისუფლების საქართველოს კონსტიტუციით, კანონმდებლობით და საერთაშორისო სტანდარტებს.
მისი შეფასებით, საქართველოს მოქმედი საარჩევნო კანონმდებლობა, რომელიც სააგიტაციო მასალებს არეგულირებს, სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს, ინიციატივა კი სახიფათოა, ვინაიდან განჭვრეტადი არ არის.
"ტერმინი "უარყოფითი გარემოს შექმნა" ძალიან ზოგადია და ის შეიძლება, გამოყენებული იყოს სხვადასხვანაირად, ორაზროვნად და შეიძლება, იყოს ძალიან სახიფათო.
პოლიტიკურ პარტიებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა, არ აწარმოონ სიძულვილის ენის და ზიზღის ენის შემცველი საარჩევნო კამპანია. დამატებითი რეგულაცია კი ნამდვილად არ არის საჭირო.
წინასაარჩევნო კამპანია ეფუძნება კონკურენციას. პარტიები შესაძლოა აკრიტიკებდნენ კიდეც ერთმანეთს, იმიტომ, რომ ისინი არ ეთანხმებიან ერთმანეთის პოლიტიკას და გვთავაზობენ საწინააღმდეგოს. ძალიან სახიფათოა, რომ ეს კრიტიკა არ იყოს აღქმული, როგორც "უარყოფითი დამოკიდებულების" შემცველი. შეიძლება, ამან საფრთხე შეუქმნას კრიტიკას, თავისუფალი აზრის გამოხატვას და ზოგადად, სიტყვის თავისუფლებას ქვეყანაში". - აცხადებს ISFED-ის დირექტორი.
ინიციატივას საგანგაშოს უწოდებს კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის, რომელიც 13 არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს.
კოალიცია მიჩნევს, რომ მედია არ უნდა იყოს სამართლებრივად პასუხისმგებელი კანონთან შეუსაბამო ისეთი განცხადებისთვის, რომელიც გაკეთებულია საარჩევნო კამპანიის ფარგლებში.
კოალიციას გაეროს სპეციალური მომხსენებლის შეფასება მოჰყავს, რომლის განმარტებითაც, მედიის დასჯა პოლიტიკოსების განცხადებისთვის ქმნის რისკს, რომ მაუწყებელი თვითცენზორი გახდეს, რაც სრულიად მიუღებელია საერთაშორისო სამარლთისთვის.
მედიაკოალიციის შეფასებით, განსაკუთრებით საგანგაშოა კანონმდებლობაში ახალი ცნების, "უარყოფითი დამოკიდებულების" შემოტანა, რომელიც არ არის ნათელი და განჭვრეტადი, შეიცავს ზოგად, ორაზროვან და ბუნდოვან ფორმულირებას, რაც ქმნის ტერმინის პოლიტიკური კონტექსტის მიხედვით განმარტებისა და გამოხატვის თავისუფლებით დაცულ სფეროში არაკონსტიტუციური ჩარევის რისკს.
პარლამენტის ვებ გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, კანონპროექტის განხილვა 18 ოქტომბერს, დაჩქარებული წესით დაიწყო და 22 ოქტომბერს უნდა დასრულდეს.